საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე საზეიმოდ აღინიშნა

2023 წლის 31 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, დილიდან შეიკრიბა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურა. უნივერსიტეტის რექტორიმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ეკონომიკისა და ბიზნესისი ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ ყვავილებით შეამკეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლის, ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი. მათ გაიხსენეს ფაკულტეტის დაარსების ისტორია და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერის ხსოვნას.

ამავე დღეს, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში გაიხსნა აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორია. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. დამსწრე საზოგადოების წინაშე, ღვაწლმოსილი მეცნიერის, ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის შესახებ ვრცლად ისაუბრა პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა. 

ამავე დღეს, ეკონომიკისა და ბიზნესისი ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დოქტორანტურისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა. მისასალმებელი სტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მათ გულთადად მიულოცეს ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორებს ეკონომიკის ფაკულტეტის დაარსების 101 წლისთავი, გულთბილად გაიხსენეს პროფესორი ნოდარ ხადური და ვრცლად ისაუბრეს მისი დამსახურებების შესახებ, როგორც ქვეყნის, ისე უნივერსიტეტის წინაშე.

პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თხუთმეტამდე დოქტორანტმა და მაგისტრანტმა. კონფერენციას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.


ცნობილია, რომ 1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას, დიდი ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, იმთავითვე ჩაეყარა საფუძველი. ამ საშვილიშვილო საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად. 1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

 


 

თარიღი: 31/07/2023